იოკიჩის უნიკალური რეკორდი
NBA-ს უკანასკნელი სეზონების ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი „დენვერი“ „მინესოტასთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში 3-ქულიანი სხვაობით, 116:119 დამარცხდა. „ნაგეტსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი აარონ გორდონი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 31 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. თუმცა, ეს მატჩი გაცილებით უფრო დასამახსოვრებელი ნიკოლა იოკიჩისთვის იქნება, რომელმაც კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა.
29 წლის სერბმა კალათბურთელმა გორდონის მსგავსად ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა სამმაგ დუბლამდეც ძალიან ცოტა დააკლდა - ის 26 ქულის, 13 შედეგიანი გადაცემისა და 9 მოხსნის ავტორი გახდა. იოკიჩი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ხუთ მატჩში მინიმუმ 150 ქულის, 50 მოხსნისა და 50 ასისტის დაგროვება შეძლო, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა.
მთლიანად „დენვერისთვის“ შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო, რადგან 5 თამაშიდან 2 მოგებითა და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. იოკიჩი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს ხვალ დილით, „იუტა ჯაზთან“ გამართავენ.