„მიჭირს საუკეთესოს არჩევა“ - მუტი კვარასა და ლუკმენზე
„ნაპოლი“ – „ატალანტას“ მოახლოებული მატჩის შესახებ ამ გუნდების შანსების შესაფასებლად, ჟურნალისტებისთვის ბორტოლო მუტი არაჩვეულებრივი რესპოდენტია, რადგან ეს სპეციალისტი სხვადასხვა პერიოდში როგორც ნეაპოლურ, ასევე ბერგამოულ კლუბს ამზადებდა და მათ შესახებ ყველაფერი გადასარევად იცის.
მომავალი შეხვედრის თაობაზე პროგნოზის გაკეთების გარდა, მუტის ამ ორი გუნდის მთავარი ვარსკვლავების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ადემოლა ლუკმენის შედარება სთხოვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს.
რა თქვა მუტიმ
მიჭირს მათ შორის საუკეთესოს არჩევა. თითქოს კვარაცხელია უფრო მოქნილი და ენერგიული ფეხბურთელია, მაგრამ ნიგერიელიც საკმაოდ ძლიერია. ასე რომ, ამ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გამიჭირდება.
„ნაპოლი“ – „ატალანტას“ მატჩი იქნება ორი ძალიან კარგი შეტევის მქონე გუნდის დაპირისპირება. მართალია ნეაპოლელებს არაჩვეულებრივი წინა ხაზი ჰყავთ, მაგრამ დაცვაში არანაკლებ ძლიერად გამოიყურებიან და სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ეს კონტეს მომზადებული კლუბების ხელწერაა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთვის“ საჩემპიონო 2022-2023 წლების სეზონში, „სტადიო დიეგო მარადონაზე“ ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ „ატალანტას“ კარში გაიტანა ფენომენალური სილამაზის ბურთი, რომელიც საბოლოო ჯამში სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.