3 ოქროს მედალი - მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია
პოლონეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დელეგაცია წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. დღეს ფიცარნაგზე მარიამ მურღვლიანი (87 კგ) გავიდა და სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ატაცში მან 103 კილოგრამი დაიმორჩილა, აკვრაში 125 კილო დაძლია, ხოლო ორჭიდის ჯამში 228 კილოგრამი დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ სამი წლის წინ, ამავე ქვეყანაში გამართულ 15-წლამდე კონტინენტის პირველობაზე მურღვლიანმა სამივე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა და 9 რეკორდი დაამყარა. მარიამმა ატაცი 77 კილოთი დაიწყო, მერე შტანგა ხუთი კილოთი დაამძიმა, მესამე ცდაზე კი 85 კილო დაძლია. მურღვლიანმა მეორე მოძრაობაშიც სამივე ცდა გამოიყენა. მესამე მისვლისას 105 კილო აკრა და ერთბაშად ორი ოქრო გაინაღდა - აკვრასა და ორჭიდში.
ხვალ კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ სამი ძალოსანი გამოვა - 23-წლამდელთა შეჯიბრებაში ლუკა ქაშიბაძე (102 კგ) და ზაზა ლომთაძე (109 კგ) იასპარეზებენ, ხოლო 20-წლამდე ასაკში ძალებს გურამ ვეკუა (109 კგ) მოსინჯავს.