გოგა გახოკიძე
Aa
Aa

„ზაფხულში ნაპოლიდან უნდა წავიდეს“ - გახოკიძე კვარაცხელიას ტრანსფერზე

მომდევნო სანაკრებო ბატალიებამდე ნახევარი თვეა დარჩენილი, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში ჯგუფიდან გამსვლელი გუნდების ვინაობა უნდა გაარკვიოს. 16 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინელებს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ოლომოუცში ჩეხების წინააღმდეგ ითამაშებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჯგუფის ლიდერები არიან.

ნაკრების თამაშებსა თუ ცალკეული ფეხბურთელების ასპარეზობაზე ვეტერანი მოთამაშეების შეფასება მუდამ საინტერესოა. მათ შორისაა ბუნებრივია გოგა გახოკიძე, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო აგენტობით იყო დაკავებული, თუმცა როგორც Crystalsport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო ორი წელიწადია ამ საქმიანობას თავი დაანება და სპორტის უპირველეს სახეობას თვალს გულშემატკივრის ამპლუაში ადევნებს.

 გოგა გახოკიძე

 ეროვნულ ნაკრებს ძალიან მომატებული აქვს, რითაც უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ბიჭებმა ჩემი თაობის ფეხბურთელების მთავარი ოცნება აასრულეს და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.

 ბუნებრივია, ოქტომბერში წარუმატებლობამ იმედები ყველას გაგვიცრუა, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ნოემბერში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, ალბანელებთან მატჩში სანიოლს ტაქტიკა არ უნდა შეეცვალა და ნაცადი სქემით უნდა დაეწყო თამაში.

 რომელი ფეხბურთელების გარეშე ვერ წარმომიდგენია ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები? ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის გარეშე. ორივე მათგანს საოცარი სათამაშო კლასი აქვთ და ისეთ გუნდებში ასპარეზობენ, რომ დონეს სულ უფრო იმაღლებენ.

კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციები ვრცელდება და „ნაპოლის“ ხელმძღვანელები აშკარად ცუდად იქცევიან. ისინი საკუთარი საქციელით ხვიჩას შევიწროებას ცდილობენ და მიუხედავად ამისა, ის საოცარ თამაშს აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ კვარას მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება თუ ზაფხულში ნეაპოლს დატოვებს და რომელიმე გრანდში განაგრძობს კარიერას.

ბევრი საუბარი მიდის იმის შესახებ თუ რომელ ფორვარდს უნდა მიანიჭოს ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას უპირატესობა. ორივეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კლასით ოდნავ მაინც გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძეს აღემატება.

 იმ 3 გოლიდან, რომელიც გოგა გახოკიძეს საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას აქვს გატანილი, ერთი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მომავალ მეტოქესთან, უკრაინის ნაკრებთან გამართულ მატჩში მიითვალა. 2005 წლის 3 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში „ჯვაროსნები“ უკრაინელებთან რუსლან როტანის მიერ პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი ბურთით მარცხებოდნენ, თუმცა 89-ე წუთზე გახოკიძემ წონასწორობა აღადგინა და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის ლიონში ძალიან მალე ათამაშდება“ - სირაძე მიქაუტაძეზე
„ის ლიონში ძალიან მალე ათამაშდება“ - სირაძე მიქაუტაძეზე