„დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა“ - გობეჯიშვილი კენჭაძის ჩემპიონობაზე
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და 1 ოქროსთან ერთად, 1 ვერცხლის მედალიც მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) ავიდა, რომელმაც ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი მაგომედ მაგომაევი დაამარცხა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელს ასევე ნეიტრალური ათლეტის რანგში მოჭიდავე მსოფლიოს ხუთგზისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის აბდულრაშიდ სადულაევის სახით უძლიერესი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
კენჭაძე 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველია, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლოს ამის გაკეთება 2019 წელს გენო პეტრიაშვილმა მძიმე წონით კატეგორიაში შეძლო. გარდა ამისა, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა, რაც ბოლო 21 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. მსოფლიოს პირველობაზე კენჭაძისა და სხვა ქართველების გამოსვლაზე Crystalsport-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ, ორგზის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა ისაუბრა.
რა თქვა გობეჯიშვილმა
როდესაც სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი ხდება, მის შეფასებაზე საუბარი ზედმეტია. ავთომ ყველა ბრძოლა უნაკლოდ ჩაატარა, ფინალში კი უძლიერეს მეტოქეს მაგომაევ მაგომედოვს ულაპარაკოდ მოუგო.
ავთოს ჭიდაობისთვის ძალიან ბევრ შეჯიბრებაზე ტრიბუნიდან მიმიდევნებია თვალყური და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასე უნაკლოდ და კარგად მომზადებული არასოდეს ყოფილა. როგორც კომბინაციური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით საოცარი პროგრესი ჰქონდა და ოქროს მედალი სრულიად დაიმსახურა.
მისი წონითი კატეგორია ოლიმპიურ პროგრამაში შეტანილი არ იყო, რის გამოც წლის მთავარი სპორტული მოვლენის გამოტოვება მოუწია, თუმცა დაუღალავი შრომისა და მონდომების ხარჯზე, ყველას დაუმტკიცა, რომ საუკეთესოა.
მირიან მაისურაძის ვერცხლის მედალი ოქროს ტოლფასიც შეიძლება იყოს და ფინალში მარცხს მას წარუმატებლობად ნამდვილად ვერ ჩავუთვლი. აბდულრაშიდ სადულაევი ძალიან ძლიერი სპორტსმენია და ნახევარფინალს ვინც უყურა, დამეთანხმებით, რომ ირანელ მეტოქესთან უზომოდ გაუჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წონაში უდიდესი კონკურენცია გახლდათ და მირიანმა საოცარი შედეგი აჩვენა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე, ავთანდილ კენჭაძემ ამავე ტურნირის ვერცხლის მედალი 2018 წელს მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატებზე 4-გზის ბრინჯაოს მედალოსანია.