ანტონიო კონტე
Aa
Aa

„არ არსებობს კონტეს გამარჯვება ან მარცხი, იგებს და აგებს მხოლოდ „ნაპოლი“ - კონტე

სერია ა-ში „ატალანტასთან“ მატჩის წინ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჯან პიერო გასპერინისთან სამწვრთნელო დუელზე, სატურნირო ცხრილში ლიდერობაზე და დაცვაში „პარტენოპეის“ სოლიდურ თამაშზე ისაუბრა.

რა თქვა კონტემ:

„ატალანტა“ ძლიერი გუნდია, რომელმაც წინა სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, ფინალში კი დაუმარცხებელი „ლევერკუზენი“ დაამარცხა. წლებია, „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ის ძლიერ მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ. გასპერინი შესანიშნავად მუშაობს, მას დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ მის გუნდშიც მითამაშია. როდესაც იუვეში ვიყავი, ის ტურინელების ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, და ტრავმების შემდეგ ფორმის აღსადგენად მის გუნდში ვთამაშობდი. 

ახლა „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაზეა და იქ კარგად თამაშობს. არ ვიცი, იბრძოლებს თუ არა „ატალანტა“ სკუდეტოსთვის, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ ისინი ევროთასების საგზურებისთვის იბრძოლებენ. ისინი თანმიმდევრულად ვითარდებიან და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვის შემდეგაც კი ახერხებენ თამაშის გაუმჯობესებას. 

კლუბში მოსვლიდან 4 თვის თავზე შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელები სამუშაოდ მზად არიან და მათ სურთ განვითარება როგორც ტაქტიკურ, ასევე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე. გოლების არ გაშვებაზე პასუხისმგებლები არიან არა მხოლოდ მცველები, არამედ მთელი გუნდი, 11-ვე ფეხბურთელი. „მილანთან“ გოლში სამივე რგოლმა მიიღო მონაწილეობა: ცენტრალური მცველისგან ბურთი ჯერ ნახევარმცველთან, შემდეგ კი შემტევთან აღმოჩნდა. ანალოგიურად, დაცვისას სამუშაო ყველამ ერთად უნდა შეასრულოს. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

იქნება თუ არა წელს სკუდეტოს მოგება სასწაული? მე მორწმუნე ადამიანი ვარ და სასწაულების მოხდენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მე გუნდისთვის ვლოცულობ, ჩვენ შეგვიძლია ვიშრომოთ და შემდეგ დაველოდოთ იმას, მოხდება თუ არა სასწაული. ფეხბურთში სასწაულები ხდება, მაგრამ ამისათვის მარტო ლოცვა არ კმარა, შრომაა საჭირო.

რთულია თუ არა კონტეს „ნაპოლის“ წარმოდგენა კვარასა და ლუკაკუს გარეშე? ვიმეორებ, არ არსებობს კონტეს გამარჯვება ან მარცხი, იგებს და აგებს მხოლოდ „ნაპოლი“. მწვრთნელზე ან რომელიმე ფეხბურთელზე აქცენტის გაკეთება არასწორია. თუ 10 ტურის შემდეგ რამეს მივაღწიეთ, ეს ყველას საერთო დამსახურებაა. თუმცა, რა მიღწევებზე შეიძლება იყოს საუბარი 10 ტურის შემდეგ? ამასთანავე, ჩვენ სამუშაოს კარგად ვასრულებთ და ამაში ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. მომდევნო მატჩს „პარტენოპეი“ 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე შინ, „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სერია A-ს მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მომდევნო შეხვედრა ჩაინიშნა - მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან
მომდევნო შეხვედრა ჩაინიშნა - მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან