ჩემპიონობა პირველივე სეზონში - არაბიძის ტიტული სამხრეთ კორეაში
გიორგი არაბიძე „ულსან ჰიუნდაის“ შემადგენლობაში სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა. 26 წლის ქართველ ფეხბურთელსა და მის თანაგუნდელებს ოქროს მედლები ბოლო ტურის წინ განაღდებული ჰქონდათ, რადგან მეორე ადგილზე მყოფ „განგვონს“ 4 ქულით უსწრებდნენ და გათამაშება სწორედ ამ გუნდთან საშინაო მატჩით დაასრულეს, რომელშიც მეტოქეს 2:1 მოუგეს.
მასპინძლები 54-ე წუთისთვის გუსტავ ლუდვიგსონისა და ჯო მინ-კიუს ბურთებით 2:0-ს იგებდნენ და მართალია მე-60 წუთზე ლი სანგ-ჰეონმა სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება სტუმრებმა ვერ შეძლეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. რაც შეეხება არაბიძეს, სამწუხაროდ ის თადარიგში დარჩა და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
არაბიძემ წლევანდელი სეზონი 2 გოლით დაასრულა და ორივე ერთ შეხვედრაში, 31 აგვისტოს „პიოჰანგთან“ (5:4) გაიტანა, როდესაც დუბლი შეასრულა და ერთ შემთხვევაში თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. თავდაპირველად გიორგი გუნდის ძირითადში რეგულარულად ხვდებოდა, თუმცა ბოლო სამი მატჩიდან ორჯერ თადარიგში დარჩა, ერთხელ კი ძირითადში დაიწყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
„ულსან ჰიუნდამ“ ქვეყნის ჩემპიონატი ისტორიაში მეხუთედ და ზედიზედ მესამედ მოიგო. თუ წელს კლუბს ოქროს მედლების მოპოვებაში არაბიძე დაეხმარა, წინა ორ სეზონში გუნდის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვაკო ყაზაიშვილი იყო.