რუბენ ამორიმი
Aa
Aa

იუნაიტედის ახალი მწვრთნელი - პორტუგალიელს 10 დღეში წარადგენენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია - ამ თანამდებობაზე ერიკ ტენ ჰაგს რუბენ ამორიმი შეცვლის, რომელიც ინგლისში 11 ნოემბერს ჩავა და კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს. 39 წლის სპეციალისტის კონტრაქტის „სპორტინგიდან“ გამოსყიდვა „წითელ ეშმაკებს“ 10 მილიონი ევრო დაუჯდათ, ინგლისში კი მისი ყოველწლიური ხელფასი 8 მილიონი იქნება.

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური ორშაბათს გახდა, როდესაც ტენ ჰაგს „ვესტ ჰემთან“ (1:2) განცდილი მარცხი აღარ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. დროებითი მწვრთნელის, რუუდ ვან ნისტელროის ხელმძღვანელობით „მანიუმ“ შუა კვირაში თასზე სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და „ლესტერ სიტი“ 5:2 დაამარცხა, მაგრამ მისი დატოვებისგან კლუბის ხელმძღვანელებმა მაინც თავი შეიკავეს.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამორიმისთან ხელშეკრულება 11 ნოემბრამდე არ გაფორმდება, ნისტერლოის „იუნაიტედის“ მოედანზე გაყვანა კიდევ სამ მატჩში, პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ და „ლესტერთან“, ხოლო ევროპა ლიგა „პაოკთან“ საშინაო მატჩებში მოუწევს. პორტუგალიელის დებიუტი კი ახალ გუნდში სანაკრებო პაუზის შემდეგ, „იფსვიჩ თაუნთან“ საგარეო შეხვედრაში შედგება.

რუბენ ამორიმი „სპორტინგს“ 2020-2024 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ლისაბონურმა კლუბმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და 2-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტენ ჰაგი დაითხოვა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტენ ჰაგი დაითხოვა