მამუკელაშვილი: „თამაში კარგი დაცვით მოვიგეთ“
„ჰიუსტონ როკეტსთან“ (101:106) და „ოკლაჰომა სიტი თანდერთან“ (93:105) განცდილი მარცხების შემდეგ, „სან ანტონიომ“ სტუმრად „იუტა ჯაზის“ (106:88) დამარცხებით ხასიათი და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. „სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილს გარკვეული დრო მისცა, რაც 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა მშვენივრად გამოიყენა და 10 წუთში, 10 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ, „მამუმ“ საკუთარი ასპარეზობის გარდა, გუნდის თამაშიც შეაფასა.
რა თქვა მამუკელაშვილმა
ეს გამარჯვება მთავარი მწვრთნელის მიერ მოფიქრებული ჭკვიანური ტაქტიკური სქემის დამსახურებაა. აშკარად იგრძნობოდა, რომ როგორც მე, ასევე ჩემს თანაგუნდელებს პოზიციები სწორად გვქონდა შერჩეული, რამაც მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა.
კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვეტყო მაშინ, როდესაც დაცვაში თამაში გამოვასწორეთ. არ ვიცი რა იქნება მომდევნო მატჩებში, თუმცა მოცემული მომენტით უზომოდ ბედნიერი ვარ. გრეგ პოპოვიჩი მუდამ გვეუბნება, რომ თამაშს კარგი დაცვა იგებს და ვეცდებით მომდევნო შეხვედრებისთვის ამ კომპონენტში კიდევ უფრო დავიხვეწოთ.
მთლიანობაში გეტყვით, რომ როდესაც ასეთი კლასის თანაგუნდელები გყავს, როგორც შეტევაში, ასევე უკან ასპარეზობა გაცილებით მარტივი ხდება. გვაქვს კონკრეტული ამოცანა მიმდინარე სეზონში, რომლის შესასრულებლადაც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.
ორი მოგებითა და სამი წაგებით NBA-ს დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში „სან ანტონიო“ მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ გამართავენ, რომელიც 3 ნოემბერს, თბილისის დროით, დილის 04:00 საათზე დაიწყება.