ჰარდენმა NBA-ს სამი ლეგენდის მიღწევა გაიმეორა
„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ სუპერ ვარსკვლავმა, ჯეიმს ჰარდენმა NBA-ს სამი ლეგენდის მიღწევა გაიმეორა, რომლებიც მცველის პოზიციაზე თამაშობდნენ.
ამერიკელმა კალათბურთელმა კარიერის განმავლობაში 26 000-ზე მეტი ქულის მოგროვება შეძლო, რაც მანამდე მხოლოდ კობი ბრაიანტმა, მაიკლ ჯორდანმა და ოსკარ რობერტსონმა შეძლეს.
„ფინიქს სანსთან“ მატჩის შემდეგ, ჰარდენის ანგარიშზე 26 004 ქულაა. კარიერის განმავლობაში რობერტსონმა 26 710 ქულა დააგროვა, ჯორდანმა 32 292, ბრაიანტმა კი ყველაზე მეტი - 33 643 ქულა.
„ფინიქს სანთან“ შეხვედრაში, ჰარდენმა 25 ქულა, 10 მოხსნა და 13 ასისტი მიითვალა, თუმცა მისი გუნდი ანგარიშით 119-125 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ჰარდენი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ ზუსტად 1 წლის წინ გადავიდა. მანამდე ის „ფილადელფია სევენთი სიქსერსში“ თამაშობდა.
„წვერას“ სანაცვლოდ „ფილადელფიამ“ მარკუს მორისი, ნიკ ბატუმი, რობერტ კოვინგტონი და კეიჯეი მარტინი მიიღო. „კლიპერსმა“ 2028 წლის პირველი რაუნდის პიკი, მეორე რაუნდის ორი პიკი და პიკების გაცვლის უფლება დათმო, ჰარდენთან ერთად კი პიჯეი ტაკერი და ფილიპ პეტრუშევი გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ჰარდენსა და „ფილადელფიას“ ხელმძღვანელებს შორის უაღრესად დაძაბული ვითარება იყო. სეზონის დასრულების შემდეგ, „წვერამ“ „სიქსერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტს, დარილ მორის მატყუარა უწოდა და გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება არ გაიარა.