„კვარა ნაპოლის სეზონის ბოლოს დატოვებს“ | იტალიელი ჟურნალისტი
იტალიელმა ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მაროლდამ Televomero-ს ეთერში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის მომავალი ბუნდოვანია.
„იყო მომენტი, როდესაც ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელი და კლუბი შეძლებდნენ შეთანხმების მიღწევას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია დიდად არ განსხვავდება ოსიმენის სიტუაციისგან. ჩემი აზრით, ისინი რაღაც ფორმით შეთანხმდებიან, მაგრამ ხვიჩა სეზონის ბოლოს „ნაპოლიდან“ წავა, რადგან მას სხვა ამბიციები და მიზნები აქვს. საჭიროა კომპრომისი, რათა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობები შენარჩუნდეს“, - თქვა მაროლდამ.
ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლი“ ბონუსების ჩათვლით, მზადაა კვარას 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა მხარეები გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან. ჯუღელს 80 მილიონი უნდა, დე ლაურენტისი კი ამაზე თანახმა არაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩამ თავი ბოლო ტურში, „მილანის“ წინააღმდეგაც გამოიჩინა, სადაც გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.