კარგი ჟესტი - რეალმა ვალენსიაში სტიქიით დაზარალებულებს მილიონი ევრო გადაურიცხა
მადრიდის „რეალმა“ და წითელმა ჯვარმა ერთობლივი ინიციატივის დაწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც ვალენსიაში, ქარიშხალ „დანასგან“ გამოწვეული სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად არის მიმართული.
როგორც სამეფო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „რეალმა“ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მილიონი ევრო გადარიცხა და სოლიდარობა ასე გამოხატა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ვალენსია“-„რეალის“ მატჩი, რომელიც 2 ნოემბერს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო.
ბოლო მონაცემებით, გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას, რომლის მსგავსიც, ესპანეთს 1973 წლის შემდეგ არ ახსოვს, 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ვრცელდება ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.