„კვარას აგენტი რისკავს - შესაძლოა ოსიმენის ან რაბიოს მსგავსად დაასრულოს“
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. იტალიური პრესა კი სპეკულაციებს არ წყვეტს.
ცნობილია, რომ ჯერჯერობით მხარეებს საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ აქვთ.
იტალიელი საფეხბურთო აგენტი ვინჩენცო მორაბიტო ამ საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მამუკა ჯუღელი ძალიან რისკავს.
„კვარას კონტრაქტის განახლება დიდი ხანია აქტუალური თემაა, თუმცა სამწუხაროდ ეს უკვე აუტანელი ხდება. არ შეიძლება ყოველთვის სიტუაციის დაძაბვა, რადგან პსჟ-სა და სხვა დიდ კლუბებს შენი შეძენა და სურვილების დაკმაყოფილება ყოველთვის არ ენდომებათ, როგორც ეს ვიქტორ ოსიმენისა და ადრიენ რაბიოს შემთხვევაში მოხდა.
აგენტებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ნაპოლიმ კვარა მაშინ შეიძინა, როცა მას არავინ იცნობდა. კლუბმა გარისკა და ეს ყველას არ შეუძლია.
ინგლისში სატრანსფერო გარიგებებიდან აგენტებს 60 მილიონს უხდიან. ასეთები ვიცი. თუმცა, ეს ფულის გადაყრას ნიშნავს. ფეხბურთი ერთი ოჯახი უნდა იყოს. როდესაც აგენტი ხარ ფრთხილად უნდა იყო, თორემ მალე შესაძლოა ყველაფერი დასრულდეს“.
- ამბობს მორაბიტო Radio Merte-სთან საუბრისას.
ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლი“ ბონუსების ჩათვლით მზადაა კვარას 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა მხარეები გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან. ჯუღელს 80 მილიონი უნდა, დე ლაურენტისი კი ამაზე თანახმა არაა.