„ჩვენ სალაპარაკო გვექნება“ - რომან დოლიძე შარა ბულეტს
შარა ბულეტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა“. მისივე თქმით, „ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ, თორემ ახლა შესაძლოა საქართველო დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო“.
UFC-ის მებრძოლის ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შარას ჯერ გურამ ქუთათელაძემ უპასუხა, ამჯერად კი რომან დოლიძემ.
„შარა გამარჯობა, მე ძალიან არ მიყვარს ინტერნეტში ეს მთელი გარჩევები და დაპირისპირებები, თუმცა მე მოვისმინე შენი სიტყვები, რომელიც ვიღაცამ ინტერნეტში განათავსა, ან შეიძლება შენ იყავი. როგორც მინიმუმ, მე ამ ნათქვამს არაკორექტულად მივიჩნევ.
შემდეგ ჯერზე, როცა გნახავ მაქვს სურვილი, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ მეზობელი ხალხი ვართ, დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ და ჩვენ სალაპარაკო გვექნება და რიგი სიტყვების ახსნა მოგვიწევს“.
- ამბობს დოლიძე.
აქვე გეტყვით, რომ 30 წლის „შარა ბულეტი“ დღემდე დაუმარცხებელია. მის ანგარიშზე MMA-ში 15 ბრძოლაა, საიდანაც 12 მან ნოკაუტით, ხოლო 3 მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო.