„რას უნდა ელოდოს ნიუკასლი მისგან?“ - NyTimes-ი სალიაზე წერს
The New York Times-ი ვახტანგ სალიას შესახებ წერს. „ნიუკასლ იუნაიტედმა“ 17 წლის ქართველი ტალანტის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, „კაჭკაჭებმა“ სხვა გრანდებს ბრძოლა მოუგეს და ტრანსფერი დახურეს.
„17 წლის პერსპექტიული ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი იჩენდა. ნიუკასლმა მისი ტრანსფერის დასრულება შეძლო. სალია მომავალ ზაფხულამდე თბილისის დინამოში იჯარით ითამაშებს, სანამ 18 წლის გახდება, შემდეგ კი ნიუკასლს ოფიციალურად შეუერთდება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, თავის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. რას უნდა ელოდოს ნიუკასლი მისგან? ვინც რეგულარულად უყურებს სალიას თამაშს, ყველა ამბობს, რომ ის თავის ასაკში საუკეთესოა. თუმცა ეს ნიუკასლია და ადაპტაციას დრო დასჭირდება.
თბილისის დინამომ თავის აკადემიაში ბევრი ტალანტი გაზარდა. კლუბი მათ პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. სალიამ მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო.
ნიუკასლი მას დიდი ხანი აკვირდებოდა, ასევე სხვა ინგლისური კლუბებიც, რომელთა მხრიდან ბოლო დროს ქართველების მიმართ ინტერესი გაზრდილია“.
- წერს ამერიკული გამოცემა.
ვახტანგ სალიას „დინამოს“ მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა. ამჟამად მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.