„როცა შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ ისტორიაზე და ცხოვრებაზე“ - ქუთათელაძე შარა ბულეტს
UFC-ის მებრძოლი გურამ ქუთათელაძე, რომელიც მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს, საქართველოს შესახებ რუსი მებრძოლის, შარაბუტდინ მაგომედოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
რა თქვა ქუთათელაძემ:
„შენ სპორტსმენი ხარ, საქართველოსთან ომის შესახებ საუბრებს შეეშვი. ასევე შეეშვი ინტერვიუებს და კამერის წინ საუბარს. როცა შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე, რუსული ენის გაკვეთილებზე და ცხოვრებაზეც“, - წერს „ქართველი ვიკინგი“ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შარა ბულეტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა“. მისივე თქმით, „ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ, თორემ ახლა შესაძლოა საქართველო დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო“.
შეგახსენებთ, რომ მაგომედოვმა ბოლო ბრძოლა UFC 308-ზე გამართა, სადაც მეორე რაუნდში სომხეთის წარმომადგენელი, არმენ პეტროსიანი დაანოკაუტა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 30 წლის „შარა ბულეტი“ დაუმარცხებელი მებრძოლია. მის ანგარიშზე MMA-ში 15 ბრძოლაა, საიდანაც 12 მან ნოკაუტით, ხოლო 3 მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე კვირის წინ მერაბ დვალიშვილმა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ვალდებულები არიან, რუსეთი წარმოადგინონ.