ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

„ევროზე საქართველოს გასვლა სიურპრიზი არავისთვის იქნება“ - ინტერვიუ ტიტე კალანდაძესთან

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 6 ნოემბერს, საბერძნეთის ნაკრებთან საგარეო მატჩით დაიწყებს, ოთხი დღის შემდეგ 10 ნოემბერს კი ქართველი ხელბურთელები თბილისში ჯგუფის ფავორიტ ისლანდიას მიიღებენ. ამ ორი მოწინააღმდეგის გარდა საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ბოსნია იქნება და მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

მოახლოებული საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ხელბურთელების სათამაშო ფორმასა და გუნდის მზადებაზე Crystalsport-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ტიტე კალანდაძე

ამ ეტაპზე სუსტი გუნდები აღარ არსებობს და მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოგვიწევს. ისლანდია ფავორიტია, მეორე ადგილისთვის კი ბერძნებთან და ბოსნიელებთან მოგვიწევს დაპირისპირება. ვერ ვიტყვი, რომ ამ ორ გუნდზე ძლიერები ვართ, რადგან მათ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

ვემზადებით ჩვეულ რეჟიმში და ყველა ხელბურთელი კარგ ფორმაშია. რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, სამწუხაროდ ნიკოლოზ კალანდაძე ამჯერადაც ვერ დაგვეხმარება, რადგან ის მძიმე ტრავმის მკურნალობას განაგრძობს და სავარაუდოდ, მისი სარეაბილიტაციო პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მგონია, რომ ასეთი კარგი პერიოდი საერთაშორისო არენაზე ქართული ხელბურთისთვის დიდი ხანია არ ყოფილა - გვყავს ბევრი ლეგიონერი და წინა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ხელწამოსაკრავი მეტოქე აღარავისთვის ვართ, რის გამოც მაქვს სრული საფუძველი განვაცხადო, რომ კონტინენტის პირველობაზე ჩვენი კიდევ ერთხელ გასვლა სიურპრიზი არავისთვის იქნება.

2024 წელს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა და გერმანიაში გამართული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიელების (22:19) ძლევით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა