„ვფიქრობ, ნაპოლიში დარჩება“ - მარადონას ყოფილი მენეჯერი კვარაზე
დიეგო მარადონას ყოფილმა მენეჯერმა, სტეფანო ჩეჩიმ ნეაპოლურ მედიასთან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობასა და ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
რას ამბობს ჩეჩი:
„მახსოვს, როდესაც კონტე „ნაპოლიში“ წავიდა, ვიღაცამ თქვა, რომ მე-10 ადგილზე უარეს შედეგს ვერ დააფიქსირებდა, ახლა კი ვხედავთ, გუნდი სადაცაა. მოდით გავიხსენოთ, რას ამბობდა სპალეტი, როდესაც სკუდეტოს 15 ქულით იგებდა. ის ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც მოუწოდებდა, რომ ყურადღება არასდროს მოედუნებინათ. მინდა, „ნაპოლიში“ ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება გამოვყო (გუნდის სპორტული კოორდინატორი) - გაბრიელე ორიალი. გასულ წელს გუნდს სწორედ მისი მსგავსი პერსონა აკლდა, ის რკინის სერჟანტია“.
„კვარას კონტრაქტი? ვფიქრობ, ის გუნდში დარჩება. კვარა საუბრობს სკუდეტოზე, მისი მიზანია, რომ ჩემპიონი გახდეს და მიმაჩნია, რომ თავს ნეაპოლიტანური გარემოს მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს“.
იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდნენ, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს. როგორც იწერება, ნეაპოლური კლუბი მზადაა ხვიჩას ანაზღაურების სახით წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა კვარას ინტერესების დამცველები ითხოვენ, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად 80 მილიონი ევრო ჩაიწეროს.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ თავი ბოლო ტურში, „მილანის“ წინააღმდეგაც გამოიჩინა, სადაც გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.