როდის ჩაიბარებს ამორიმი „იუნაიტედს“ - ბოლო ცნობები მანჩესტერიდან
დღეს „სპორტინგი“ ოფიციალურად დაადასტურებს, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაიბარებს - Telegraph-ის ცნობით, ამორიმი „ლომებს“ მომდევნო სამი მატჩის განმავლობაში უხელმძღვანელებს, „ოლდ ტრაფორდზე“ კი სანაკრებო პაუზის დაწყებისთანავე, 14 ნოემბერს გადაბარგდება.
შესაბამისად, ამორიმის დებიუტი „წითელი ეშმაკების“ სათავეში 24 ნოემბერს გასვლაზე, „იფსვიჩის“ წინააღმდეგ შედგება.
Telegraph-ის ინფორმაციით, „იუნაიტედი“ ლისაბონურ გუნდს კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის. გარდა ამისა, გარკვეული თანხის გადახდა მანჩესტერულ კლუბს „სპორტინგისთვის“ ამორიმის ასისტენტების კონტრაქტების ნაადრევად შეწყვეტის გამო მოუწევს.
პორტუგალიური მედიის ცნობით, ამორიმი „მანჩესტერთან“ 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა პრემიერლიგაში ორ საშინაო მატჩში („ჩელსი“ და „ლესტერი“) და ევროპა ლიგის ერთ გასვლით მატჩში („პაოკი) „წითელ ეშმაკებს“ ისევ რუუდ ვან ნისტელროი უთავკაცებს.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 28 ოქტომბერს დაითხოვა. 9 ტურის შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ 11 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილს იკავებენ.
რაც შეეხება ამორიმს, 39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „სპორტინგს“ 2020 წლიდან წვრთნის.