ოსიმენი მილანში, ლეაუ ნაპოლიში? / რაზე ისაუბრეს ზლატანმა და მანამ
ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ AreaNapoli-ს ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯერარდო ფაზანომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „მილანისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრის დროს ერთმანეთს ორი კლუბის სპორტული დირექტორები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯოვანი მანა შეხვდნენ და რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.
„ზლატანს სურს, რომ ვიქტორ ოსიმენმა „როსონერის“ მაისური მოირგოს, თუმცა „პარტენოპეის“ უშუალო კონკურენტის გაძლიერება არ სურთ და ოსიმენის იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვას ანიჭებენ უპირატესობას.
თავის მხრივ, „მილანი“ ნეაპოლურ კლუბს რაფაელ ლეაუს დამატებას სთავაზობს, რომელიც შესაძლოა ანტონიო კონტეს გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის შემთხვევაში დასჭირდეს.
ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს კამპანიის დედაქალაქში გადაბარგებაზე თავად პორტუგალიელი, თუმცა ერთი რამ ცხადია: „მილანი“ მზადაა, რაფაელ ლეაუ გაყიდოს, თუ ეს ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერს შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ჯერარდო ფაზანო.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ „გალათასარაიში“ გაანათხოვრა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიასა აგენტსა და „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობას შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარმატებით დასრულებისგან შორსაა. კერძოდ, პრობლემური საკითხები კვარას ხელფასი და გამოსასყიდი თანხის ოდენობაა.
რაც შეეხება ლეაუს, „მილანში“ უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მიმდინარე სეზონის 8 მატჩში პორტუგალიელის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ამასთანავე, ესპანური მედია წერს, რომ ზაფხულში ლეაუს გადაბირებას კატალონიური „ბარსელონა“ შეეცდება.