დანიელ კორმიე: ილია თოფურია წლის მებრძოლია
2024 წლის დასრულებამდე ჯერ 2 თვეა დარჩენილი, თუმცა „წლის მებრძოლის“ შესახებ დებატები უკვე ძალიან აქტუალურია.
სია მოკლეა და ის მხოლოდ 2 მებრძოლს მოიცავს: ალექს პერეირასა და ილია თოფურიას. ბრაზილიელმა მებრძოლმა წელს 3 ბრძოლა ჩაატარა, ქართველმა კი - 2 : „ელ მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დანიელ კორმიე მიიჩნევს, რომ 2024 „წლის მებრძოლი“ ილია თოფურია უნდა გახდეს.
„წლის მებრძოლზე საუბარი დასრულებული ჩანდა. ალექს პერეირა იყო ის ბიჭი, რომელიც ულაპარაკოდ წლის მებრძოლი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ილიას ეს 2 გამარჯვება ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა დანარჩენები - მან დაამარცხა 2 ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. ვფიქრობ, ილია წლის მებრძოლია და ჩემი აზრით, აქ კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - თქვა კორმიემ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში, UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა.
ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.