როდის შედგება ვალენსია-რეალი - სავარაუდო თარიღი ცნობილია
ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონში მოსული უხვი ნალექისა და მომხდარი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 62 ადამიანია გარდაცვლილი, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე კი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის ხელმძღვანელობის რამდენიმე მატჩის გადადების მოთხოვნით მიმართა და მათ შორისაა „ვალენსია“ – „რეალი“, რომელიც შაბათს, 2 ნოემბერს იყო დაგეგმილი.
ცნობილი ესპანური ვებ-გვერდის, Relevo-ს ინფორმაციით, თუ თამაშის გადადება საბოლოოდ გადაწყდა, „ვალენსია“ – „რეალი“ საკმაოდ გვიან, 2025 წლის 21 ან 22 მაისს, 37-ე და 38-ე ტურებს შორის ჩატარდება, რისი მთავარი მიზეზიც გადატვირთული კალენდარია. როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რანგში სულ მალე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოუწევს ასპარეზობა, იანვარში კი ყოველ კვირას სამეფო თასის მატჩებია, რის გამოც ამ თამაშის ჩატარებისთვის დრო პრაქტიკულად არ არის.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში მესტალიაზე „ვალენსია“ – „რეალის“ მატჩებმა დამატებითი ინტრიგა შეიძინა, რადგან უკვე ორი სეზონია „ბლანკოსი“ „ღამურებთან“ სტუმრად ქულებს კარგავს. შარშანწინ, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობის ხარჯზე ვალენსიელებმა 1:0 მოიგეს, შარშან კი მატჩი 2:2 მორჩა, რამაც მადრიდელების პროტესტი გამოიწვია, რადგან მათ გოლი გაიტანეს და არბიტრმა არ ჩათვალა, რადგან საფინალო სასტვენი მაშინ მისცა, როდესაც ჯუდ ბელინგემი დასარტყმელად ემზადებოდა.