„ორნიშნა მაჩვენებელი როგორც გოლების, ისე ასისტების მხრივ...“ - ქლევერლიმ ჩაკვეზე ისაუბრა
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ „ონავრების“ ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ასპექტი, რომელიც ჩაკვემ უნდა დახვეწოს, საჯარიმოში და მის მისადგომებთან თამაშია.
რა თქვა ქლევერლიმ:
„ჩაკვეტაძე ტექნიკური ფეხბურთელია, ბურთთან ერთად წინსვლა, ბურთის მიღება, პოზიციის შერჩევა ძალიან მაღალ დონეზე აქვს. საჯარიმოში და მის მისადგომებთან თამაშის დახვეწა გიორგის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს, თუ ჩაკვეტაძე ამას იზამს, ამ მხრივ განვითარების ზღვარი უბრალოდ არ ექნება.
მასთან მუშაობა ჩემი და სამწვრთნელო შტაბის საქმეა, და თუ შევძლებთ იმას, რომ გიორგის როგორც გოლების, ისე ასისტების მხრივ ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდეს, ესე იგი, მას ძალიან ძლიერ ფეხბურთელად ვაქცევთ“.
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და დიდწილად, ნახევარდაცვაში მთავარი როლიც ერგო.
ჩაკვეტაძის კლუბი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაში მყოფ „ბლექბერნს“, რომელსაც ასევე 19 ქულა აქვს, ბურთების შეფარდების გამო ჩამორჩება.
ცნობისთვის, ინგლისური მედია წერს, რომ ჩაკვეტაძის შეძენით „ვულვერჰემპტონი“ დაინტერესდა და მზადაა, ქართველი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიმატოს. ასევე ინგლისური მედიის ცნობით, „უოტფორდი“ ჩაკვეს სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.