2 ოქროს შანსი - კენჭაძე და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველივე დღე ქართული დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
79 კგ კატეგორიაში, ავთანდილ კენჭაძე ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ვერცხლი კი უკვე განაღდებული აქვს.
კენჭაძემ ფინალამდე იბრაჰიმ იაკრაპი(11:0), კოტა ტაკაჰაში(12:1), დაულეტ ერგეში(10:0) და მოჰამედ ნოხოდილარიმი(14:5) დაამარცხა. ავთანდილი ფინალში მაგომედ მაგომაევს დაუპირისპირდება.
მსგავსი შედეგი დააფიქსირა მირიან მაისურაძემ, რომელიც ფინალში გავიდა. ფინალამდე კი მან სანდიპ მანი(10:0), ბატირბეკ ცაკულოვი(4:2) და ბენჯამინ პონისი(9:2) დაამარცხა. ფინალში მირიანი 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ფინალური დაპირისპირებები ხვალ ჩატარდება. ასევე ხვალ 70 კგ კატეგორიაში ბრინჯაოსთვის აკაკი ქემერტელიძე იბრძოლებს, რომელიც ¼ ფინალში ნურკოჟა კაიპანოვთან(2:12) დამარცხდა. აკაკიმ წაგების შემდეგ, რეპეშაჟში გადაინაცვლა.