„შემდეგი მახაჩევი უნდა იყოს“ - თოფურიას მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ორგზის ჩემპიონის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა „მატადორის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაქს ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ თოფურიამ მსუბუქ წონიაში, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს.
რას ამბობს კლიმენტი:
„თუ შეხედავთ ილიასა და ვოლკის ჩხუბს, ყველაფერს მიხვდებით. ვფიქრობ, ილია ვოლკანოვსკისთან უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ისლამ მახაჩევი. ილიასთვის ისლამთან ბრძოლა ყველაზე რეალური ვარიანტია“.
„ის ეჩხუბა ვოლკს, ჰოლოუეის, ახლა კი ისლამის ჯერია. რა მოხდება თუ დააფინიშებს და მხოლოდ ნოკდაუნით არ დაკმაყოფილდება? არ გამიკვრიდება, რადგან ის ყველა მეტოქესთან ამ მიზნით გადის. ყველა ჩხუბამდე მხოლოდ ამისთვის ემზადება. თუ ის ისლამს მტკივნეულით დაამარცხებს, ძალიან მაგარი იქნება. ვფიქრობ, მათი ბრძოლა ეპიკური იქნება“.
გასულ უქმეებზე, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ, „მატადორი“ ოქტაგონზე ალექსანდრ ვოლკანოვსკის უთხრა, რომ მომდევნო საჩემპიონო ბრძოლას ის იმსახურებდა.
ჯერჯერობით, ილია თოფურიას მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს - მომდევნო ქამრის დაცვა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან და საჩემპიონო ბრძოლა ერთით მაღალ, მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელზე კონკრეტული განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლის ორგანიზებას მალე დაიწყებს.