მიქაუტაძე ლილთან ვერ ითამაშებს? | რას ამბობს ლიონის მწვრთნელი
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა „ლიონის“ უახლოესი მატჩი გამოტოვოს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნუამა და დიავარა ტრავმირებულები არიან და „ლილთან“ მათი თამაში გამოირიცხა, ხოლო რაც შეეხება მიქაუტაძეს, მას გუშინ და დღეს გუნდთან არ უვარჯიშია, ამიტომ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რა თქვა საჟმა:
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერნესტ ნუამა და მამადუ დიავარა ტრავმირებულები არიან და ვერ დაგვეხმარებიან. რაც შეეხება მიქაუტაძეს, რომელიც ავადაა, ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. გუშინ და დღეს მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
„ბეშიქთაშთან“ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს დასასრულს ვისურვებდით. კვირას რიტმი ვერ დავიჭირეთ, რაც ცვლილებებით არის გამოწვეული. ოთხი ფეხბურთელი გამოვცვალეთ, დანარჩენ 7-ს კი ზედიზედ ბევრი მატჩი დაუგროვდა.
როტაცია? არსებობს 11 საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ხანდახან ისინი უნდა დავასვენოთ, რათა შემდეგ მატჩებში მათ საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინონ. ცვლილებები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: მეტოქე, დაღლილობა, ინდივიდუალური თამაშის ხარისხი, ყვითელი ბარათები და ა.შ. მაგალითად, ლაკაზეტს გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია, როგორც ეს შარშან „ტულუზასთან“ მოხდა, როდესაც ის ავად იყო და მაინც გაიტანა“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასულ ტურში „ოსერის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა, თუმცა, მისმა გუნდმა გამარჯვება ვერ შეძლო - ფრე 2:2.
პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდება. მატჩი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან გაიმართება.