„ეს გოლი ძალიან გვჭირდებოდა“ - კარლსრუეს მწვრთნელმა ბუდუ შეაქო
გუშინ, გერმანიის თასის 1/16 ფინალში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად „ოფენბახს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ქართველი შემტევი „კარლსრუეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარში პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა. ბუდუმ 62-ე წუთზე ბრწყინვალე მოქმედებითა და შესრულებით თავისი გუნდი დააწინაურა, რამაც „კარლსრუეს“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ბუდუ ზივზივაძის გოლის მნიშვნელობაზე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა. როგორც კრისტიან ეიხნერმა თქვა, ქართველის გოლის შემდეგ, მისი გუნდი უფრო გაიხსნა და მომენტების შექმნა დაიწყო, რასაც „ოფენბახის“ კარში მეორე გოლიც მოჰყვა.
კრისტიან ეიხნერი:
„ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით, რადგან ამ მატჩს მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. გვინდოდა, რომ შედეგზე ორიენტირებულად გვეთამაშა“.
„რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ხარისხით არც თუ ისე კმაყოფილი ვარ. პირველ ნახევარ საათში მოედანზე ფაქტობრივად არც ვყოფილვართ. ნელა ვთამაშობდით და ბევრი პასი გავაფუჭეთ... შეცდომებს ვუშვებდით. მეტოქე ჩვენს საჯარიმოში უფრო სახიფათო იყო“.
„მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოვასწორეთ და გოლის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ზივზივაძის გოლი ძალიან გვჭირდებოდა, უმნიშვნელოვანესი გოლი იყო. ამის შემდეგ, სადავეები ავიღეთ და თამაშს მატჩის დასრულებამდე ვაკონტროლებდით“.
ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ გამორჩეული სეზონი რომ აქვს, ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში გერმანიის თასსა და მეორე ბუნდესლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „კარლსრუე“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, სტუმრად „ჰანოვერის“ წინააღმდეგ გამართავს.