ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი რასიზმთან ბრძოლის გამო არ მისცეს - Reuters

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჟუნიორი აცხადებს, რომ გააგრძელებს რასიზმთან ბრძოლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მას ოქროს ბურთის მოგებაში შეუშლის ხელს - ამის შესახებ Reuters-ი ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ესპანელი როდრი მიიღებს, ვინისიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „თუ საჭირო გახდა, ათჯერ მეტს გავაკეთებ. ისინი ამისთვის მზად არ არიან“.

კითხვაზე, რას გულისხმობდა ვინისიუსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მისი ახლო გარემოცვის წევრი Reuters-თან საუბარში ამბობს, რომ ბრაზილიელი რასიზმთან ბრძოლას გულისხმობდა. კერძოდ, ფეხბურთელს და მის გარემოცვას სჯერათ, რომ სწორედ რასიზმთან ბრძოლა გახდა მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო არ გადასცეს.

„საფეხბურთო სამყარო მზად არაა ისეთი ფეხბურთელის მისაღებად, რომელიც სისტემას ებრძვის“, - ამბობს Reuters-ის წყარო.

აღსანიშნავია, რომ France Football-ის დაჯილდოებაზე რეალი წლის საუკეთესო კლუბად აღიარეს, ხოლო მადრიდელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ რეიტინგის პირველ ხუთეულში სამეფო კლუბის 3 ფეხბურთელი მოხვდა, პროტესტის ნიშნად მადრიდელებისგან დაჯილდოების ცერემონიას არავინ დასწრებია.

ცნობისთვის, როდრი 1960 წლის შემდეგ პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება შეძლო. 1960 წელს ეს ჯილდო ლუის სუარეს მირამონტესმა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
როდრი ოქროს ბურთის გამარჯვებულია
როდრი ოქროს ბურთის გამარჯვებულია