„ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი“ - ხვიჩა მილანთან გოლზე და გამარჯვებაზე
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი შემტევი გახდა, რომელმაც „როსონერის“ წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა და ნეაპოლიტანელთა სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩამ თავისი თამაში DAZN-თან შეაფასა.
რა თქვა კვარაცხელიამ:
ჩემი პირველი გოლი სან სიროზე, „მილანის“ წინააღმდეგ? ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. ამისთვის ბევრი ვიმუშავე და ბედნიერი ვარ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გუნდის გამოც.
მჯერა თუ არა ჩემპიონობის? რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამის ყველას გვჯერა და შრომა უნდა გავაგრძელოთ.
როგორია ლუკაკუსთან თამაში? ძალიან მაგარია, ის საკმაოდ თავდმდაბალი ადამიანია. ნეაპოლი? ქალაქი, რომელიც დიდი ვნებით ცხოვრობს.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ასევე, მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.
10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 25 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“, რომელსაც მე-10 ტურში თავის მატჩს დღეს გამართავს, 7 ქულით უსწრებს.
„პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს.