პასუხი კრიტიკოსებს - კვარას შესანიშნავი გოლი და გამარჯვება სან სიროზე
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „მილანი’’ შინ „ნაპოლისთან’’ 0:2 დამარცხდა.
ანგარიში მე-5 წუთზე ლუკაკუმ გახსნა, ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი გასროლით ანგარიში ორ ბურთამდე გაზარდა. ეს კვარაცხელიას პირველი გოლია „მილანთან’’. ასევე, „სან სიროზე’’ პირველად შეაგდო.
ქართველმა ვარსკვლავმა „ნაპოლიში’’ მეასე მატჩი ჩაატარა და 30-ე გოლი გაიტანა.
ანტონიო კონტემ სერია A-ს გასულ ტურში „ლეჩესთან'' კვარაცხელია დაასვენა, მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოიყვანა, „მილანთან'' მატჩისთვის კვარაცხელიას მომზადებისთვის მეტი დრო მისცა და ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. კონტემ კვარა 77-ე წუთზე შეცვალა.
შთამბეჭდავი თამაშით ქართველმა ფეხბურთელმა კრიტიკოსებს პასუხი გასცა, ვინც მისი თამაშით უკმაყოფილო იყო, თუმცა კრიტიკაშიც იყო ლოგიკა, რადგან ხვიჩამ და ზოგადად „ნაპოლიმ'' მაგალითად „ემპოლისთან'', გამარჯვების მიუხედავად, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. „ნაპოლის'' თამაში „მილანთანაც'' პრაგმატული იყო, თუმცა მცირე შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს, განსხვავებით „მილანისგან'', მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ, მწვავედ უტევდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცდებოდნენ.
ხვიჩა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, „სან სიროზე'' ბურთს 36-ჯერ შეეხო, 17-დან 14 პასი ზუსტად შეასრულა. დრიბლინგის 4 მცდელობიდან 2 წარმატებული იყო, კარისკენ დარტყმის ორი მცდელობა ჰქონდა, პირველი ცდისას ბურთი ლუკაკუს მოხვდა, მეორედ კი საოცარი გოლი გაიტანა. ასევე, მის აქტივში 1 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 8-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო.
„კვარადონამ’’ ამ სეზონის სერია A-ში 10 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები
ამ გამარჯვების შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილს „ნაპოლი'' 25 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანი „ინტერი'' 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ინტერი'' ამ ტურში თავის მატჩს ხვალ ჩაატარებს, სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის'' დაუპირისპირდება და „პარტენოპეისთან'' ქულათა სხვაობის შემცირებას ეცდება.