მახაჩევის მწვრთნელი: ილია საუკეთესო მოკრივეა MMA-ში
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა Submission Radio-სთან ინტერვიუში, ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
MMA-ის ლეგენდარული სპეციალისტი, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ბი ჯეი პენთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და UFC-ის სხვა ლეგენდებთან უმუშავია, მიიჩნევს, რომ „ელ მატადორს“ მთელ MMA-ში საუკეთესო კრივი აქვს.
მენდესმა ასევე ილაპარაკა მახაჩევისა და თოფურიას შესაძლო დაპირისპირებაზე. შეგახსენებთ, ილიამ პირობა დადო, რომ გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც მახაჩევს საბმიშენით დაამარცხებს.
რა თქვა ხავიერ მენდესმა:
„მე მასში MMA-ს სრულფასოვან მებრძოლს ვხედავ, რომელსაც მაღალი IQ აქვს. მას აქვს აგრეთვე კარგი უნარები დგომში. ჩემი აზრით, ამ წონაში უშუალოდ კრივში, თოფურიაზე უკეთესი არავინაა - ვფიქრობ, ეს მისი მთავარი იარაღია“.
„ვფიქრობ, თოფურია საუკეთესო მოკრივეა არა მხოლოდ თავის დივიზიონში, არამედ მთელ MMA-ში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისულელე იქნებოდა შეეცადო დაამარცხო ის იმაში, რაშიც საუკეთესოა“.
„ილია ამბობს, რომ ისლამს საბმიშენით დაამარცხებდა, თუმცა სინამდვილეში, ეს მისი მხრიდან ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება არ არის. ამ ბრძოლაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება სტრატეგიაზე და იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებ შეცდომების გამოსწორებას. ვფიქრობ, ყველაფერს თამაშის გეგმა გადაწყვეტს“.
„შეძლებს თუ არა ილია ისლამის დამარცხებას? არა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას დაამარცხებდა, ეს ხაბიბ ნურმაგომედოვია“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის აბუ-დაბიში UFC 308-ზე დაუპირისპირდა და მე-3 რაუნდში გათიშა. ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა.
ილიას მსგავსად, ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.