“კიდევ უფრო მეტს იმუშავებს“ - ქეცბაია სალიას ნიუკასლში ტრანსფერზე
როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, ნიუკასლმა ვახტანგ სალიას ტრანსფერი დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი კაჭკაჭებს 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრებისა და ნიუკასლის ყოფილმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.
ქეცბაია:
„აღფრთოვანებული ვარ ვახო სალიას ნიუკასლ იუნაიტედში გადასვლით. ეს ის კლუბია, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე და იქ გატარებულ წლებს ვერაფერს შევადარებ. ვახოს ვუსურვებ უფრო წარმატებულ და ხანგრძლივ კარიერას იმ კლუბში, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ ის კიდევ უფრო მეტს იმუშავებს, რათა, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს - ითამაშოს ნიუკასლში და ყველას დაუმტკიცოს, რომ მისთვის სწორი არჩევანი გააკეთეს.
ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებული პერიოდი კიდევ უფრო გაგრძელდეს და გაძლიერდეს. წარმატებები ვახოს, წარმატებები საქართველოს!“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ნიუკასლში 1997/2000 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, კაჭკაჭების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 108-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.