მე-9 გოლი 12 მატჩში - ბუდუს ბრწყინვალე შესრულება და შთამბეჭდავი სტატისტიკა
გერმანიის თასის 1/16-ფინალში რანგით მე-4 ლიგის „ოფენბახი'' შინ ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუესთან'' 0:2 დამარცხდა. ბუდუს წვლილი ამ გამარჯვებაში დიდია, ანგარიში მან გახსნა.
„კარლსრუეს'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ არ დაასვენა, სასტარტოში დააწყებინა (84-ე წუთზე შეცვალა). მატჩის დასაწყისში ზივზივაძემ კუთხურისას იაქტიურა, კარისკენ დარტყმას ცდილობდა, დაუფარეს და მცირედით დაზიანდა. მოედანი დროებით დატოვა, ტრავმა მძიმე არ გამოდგა და თამაშში მალე დაბრუნდა.
პირველ ტაიმში კარისკენ დარტყმის მეორე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ასევე გეტვით, რომ შესვენებამდე ბურთს 23-ჯერ შეეხო, 12-დან 10 პასი ზუსტად შეასრულა. მის თამაშს სიმწვავე აკლდა, პირველ ტაიმში საუკეთესო უნარები არ გამოუვლენია.
მეორე ტაიმში ბუდუმ თამაშის ხარისხი გამოასწორა და 61-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მისთვის დამახასიათებელი მოძრაობით ბრუნში მცველი თამაშიდან გამოთიშა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, გერმანიის თასის ორ მატჩში მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 12 მატჩში 9 გოლი ძალიან კარგი სტატისტიკაა, საუკეთესო ფორმაზე მიუთითებს.
ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას რობერტ გლაცელთან („ჰამბურგი'') და ისაკ ლინდბერგთან („დარმშტადტი'') ერთად 7 გოლით ლიდერობს.