გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

„ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნებაა“ | ინტერვიუ გიორგი გულიაშვილთან

ქართველი თავდამსხმელი, გიორგი გულიაშვილი „სარაევოში'' ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ამ სეზონში, ბოსნიის ჩემპიონატში, 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 10 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

გულიაშვილმა ადგილობრივ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა:

„მთელი ბავშვობა ბურთსა და ფეხბურთის თამაშს უკავშირდება. ეს არის ჩემი პირველი მოგონებები. ვცდილობდი, სკოლის დავალებები სწრაფად დამემთავრებინა, რომ შემდეგ სტადიონზე წავსულიყავი. სწორედ იქ ვატარებდი დროის დიდ ნაწილს, ჩემს მეგობრებთან ერთად. 13 წლამდე მშობლიურ სოფელში ვიზრდებოდი, შემდეგ კი თბილისში გადასვლა მომიწია, რადგან ეს ჩემს განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი იყო“.

„ჩემი პირველი კლუბი „საბურთალო“ (ამჟამად „იბერია 1999“) იყო. მე ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ იქ გატარებულ დროს და მათი მადლიერი ვარ ყველაფრისთვის“.

„მე მქონდა შესაძლებლობა და პატივი ვყოფილიყავი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. რამდენჯერმე უკვე ვთქვი, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება - ჩამეცვა ნაკრების მაისური. ძალიან გახარებული ვიყავი, როცა გამომიძახეს. ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მომავალში აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ერმა უფრო მეტი ბედნიერება და სიხარული განიცადოს“.

„როდესაც „სარაევოს“ ინტერესის შესახებ გავიგე, აქ ჩამოსვლის სურვილი გამიჩნდა. მქონდა ინფორმაცია, რომ ბოსნიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემით ასეთი კლუბი დაინტერესდა და მომეცა საშუალება, ჩემი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მეთამაშა“.

„ჩემი საყვარელი კლუბი „ბარსელონაა“, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ და ამ კლუბში თამაში ჩემი ოცნებაა. ძალიან მიყვარს მესი. ჩემთვის ის N1 მოთამაშეა და მიზეზი, თუ რატომ მიყვარს „ბარსელონა“. თუკი მისაბაძ ფეხბურთელებზე ვილაპარაკებთ, დავასახელებდი კრიშტიანუ რონალდუსაც“.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ფაქტობრივად შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, „სარაევოსთან'' კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის MVP - გულიაშვილი ფანების რჩეული გახდა
მატჩის MVP - გულიაშვილი ფანების რჩეული გახდა