მედია: მილანთან კვარა ძირითადში დაბრუნდება
გამოცემა OneFootball-ი სერია ა-ში დღეს „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის დაგეგმილი მატჩის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ანტონიო კონტე ძირითად შემადგენლობაში მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას დააბრუნებს.
რას წერს გამოცემა:
„სან-სიროზე“ დაგეგმილი მატჩის უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით კონტე თავის ვარსკვლავებს დაუბრუნდება. თუ „ნაპოლი“ „მილანს“ დაამარცხებს, „პარტენოპეისა“ და „როსონერის“ შორის ქულათა სხვაობა 11-მდე გაიზრდება, თუმცა „მილანს“ ერთი თამაშით ნაკლები ექნება ჩატარებული.
„ლეჩეს“ წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ყოფნის შემდეგ ძირითადში დაბრუნდებიან მატეო პოლიტანო და ხვიჩა კვარაცხელია. გარდა ამისა, პირველი წუთებიდან უნდა დაიწყოს მატჩი ლეონარდო სპინაცოლამაც.
რაც შეეხება „მილანს“, პაულო ფონსეკას ბოლო მატჩთან შედარებით ცვლილებების განხორციელება მოუწევს და „როსონერის“ შემადგენლობა უფრო „ფიზიკური“ გახდება - იუნუს მუსასთან და რუბენ ლოფტუს-ჩიკთან ერთად მოედანზე იუსუფ ფოფანას ვიხილავთ“.
შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 22 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან „ინტერს“ 4 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, „მილანი“ 14 ქულით მე-8 ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ 9 მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
ცნობისთვის, „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.