ფლორენტინო პერესი, ოქროს ბურთი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრი
Aa
Aa

UEFA-მ რეალი დასაჯა - რა მოხდა რეალურად ოქროს ბურთზე?

2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ბევრი მას სკანდალურადაც კი აფასებს. ყველა ელოდა, რომ პრიზს ვინისიუსი მიიღებდა, მაგრამ გამარჯვებულად როდრი დასახელდა. რა მოხდა რეალურად? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და გთავაზობთ ყველა დეტალს, რომელიც ამ გაუგებრობას პასუხებს გასცემს.

ბოლო წლებში ოქროს ბურთის გამარჯვებულს ფინალურ ცერემონიამდე 3-4 კვირით ადრე ატყობინებდნენ, რომ პრიზი მისი იქნებოდა. ამას პრესა საჯაროდ აქვეყნებდა და ყველამ ყველაფერი იცოდა. არანაირი მოლოდინი, ინტრიგა ან რამე. ამის შესახებ France Football-ს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თუმცა, წლევანდელი შემთხვევა უცნაურია და გამონაკლისია.

წელსაც რამდენიმე კვირით ადრე დაიწერა, რომ ჯილდოს ვინისიუსი იგებდა. ფეხბურთელმა პარიზში წვეულებაც კი დაგეგმა. მას პრიზის მიღების შემდეგ, მთელი ღამით უნდა მოელხინა, მაგრამ დაახლოებით 12 საათით ადრე მან შეიტყო, რომ მთავარი ფავორიტი აღარ იყო.

El Chiringuito TV-ს ცნობით, „რეალმა“ France Football-ის მიერ ორგანიზებული კენჭისყრის შედეგები „მანჩესტერ სიტიდან“ შეიტყო. ამის შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ პარიზში დაგეგმილი ყველანაირი ჯავშანი გააუქმა და დაჯილდოების ცერემონიაზე არავინ წასულა. ეს ღია პროტესტი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, წელსაც ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ბოლო 10-15 წელია ხდება - მთავარი ფავორიტი ყველაფერს ნაადრევად იგებს. წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა მაგალითად, რონალდუ ჯილდოს ვერ იგებდა, მან ეს იცოდა და ხშირად ცერემონიას უბრალოდ არ ესწრებოდა, რადგან ყველაფერი წინასწარ იცოდა. ასევე იყო მესიც. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცერემონიის დღეს გადაწყვეტილება იცვლება და ყველაფერი თავდაყირა დგება. რატომ მოხდა ეს? ყველაფერი „რეალსა“ და UEFA-ს შორის არსებული უთანხმოების ბრალია. საუბარია სუპერ ლიგაზე.

ფლორენტინო პერესი დღემდე რჩება სუპერ ლიგის იდეის ერთგულად და UEFA-ს საჯაროდ აკრიტიკებს. როგორც ჩანს, ეს მათი პასუხი იყო, ერთგვარი სასჯელი.

ამის შესახებ ერთ-ერთი პირველი განცხადება კლარენს ზეედორფმა გააკეთა:

„ვინისუს ჟუნიორი იმსახურებდა ოქროს ბურთის მოგებას. ვფიქრობ, მადრიდის რეალსა და უეფას შორის პრობლემები ჯილდოს მიღმა უნდა დარჩეს. ეს ამ ყველაფერს არ უნდა ეხებოდეს. ვინი მოგებას იმსახურებდა, ეს სირცხვილია“.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ედუარდო კამავინგაც, რომელმაც გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.

„საფეხბურთო პოლიტიკა. ვინი, ჩემო ძმაო, შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და ვერანაირი ჯილდო ამას ვერ დაუპირისპირდება. მიყვარხარ ძმაო“.

თავად ვინისიუსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამ ყველაფერს ასე უპასუხა:

„ათჯერ მეტს გავაკეთებ, თუ საჭირო იქნება. ისინი ამისთვის მზად არ არიან“.

ოქროს ბურთის ირგვლივ მსგავსი სკანდალი დიდი ხანია არ მომხდარა. მოვლენებმა უკვე მართლაც პოლიტიკური მიმართულება მიიღო და შურისძიების, დასჯის მომსწრენი გავხდით. UEFA-მ „რეალს“ თითი დაუქნია. ვნახოთ ამჯერად როგორი იქნება „სამეფო კლუბის“ პასუხი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბომბარდირობა შეითავსა - ქოჩორაშვილს აქებენ
ბომბარდირობა შეითავსა - ქოჩორაშვილს აქებენ