როდრი ოქროს ბურთის გამარჯვებულია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოქროს ბურთის 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი.
საუკეთესო ქალთა გუნდი - ბარსელონა.
საუკეთესო კაცთა გუნდი - მადრიდის რეალი.
გერდ მიულერის (საუკეთესო ბომბარდირის) ჯილდო - ჰარი კეინი, კილიან მბაპე.
ლევ იაშინის (საუკეთესო მეკარის) ჯილდო - ემილიანო მარტინესი.
სოკრატესის ჯილდო - ჯენიფერ ჰერმოსო.
იოჰან კრუიფის (საუკეთესო მწვრთნელის) ჯილდო - კარლო ანჩელოტი
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი.
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - როდრი.
როდრი 1960 წლის შემდეგ პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება შეძლო.
როდრის გარდა, საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ - ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და დანი კარვახალი.
საგულისხმოა, რამდენიმე კვირის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული ვინისიუს ჟუნიორი გახდებოდა, თუმცა, დღევანდელი ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ბრაზილიელი ღონისძიებაზე აღარ გაემგზავრებოდა, ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ვინისიუსი აღარ გახდებოდა. ამის ნიშნად, „რეალმა“ მთელ ღონისძიებას პროტესტი გამოუცხადა და საღამოზე არც ერთი წარმომადგენელი არ გაუშვა.
ცნობისთვის, ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესოთა ნომინაციაში იყო წარდგენილი, გიორგი მამარდაშვილი გახლდათ. ქართველი მეკარე ლევ იაშინის ჯილდოზე იყო ნომინირებული, თუმცა, საბოლოო რეიტინგში მე-7 ადგილი ერგო.