„რომ არა მამარდაშვილი, აუცილებლად მოვიგებდით“ - ბორდალასი ვალენსიასთან მატჩზე
გუშინ, ლა ლიგის მე-9 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ვალენსიელები თავდაპირველად ბარენეჩეას გოლით იგებდნენ, თუმცა, 90-ე წუთზე მადრიდელებმა თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინეს და დამატებულ დროში რომ არა მამარდაშვილის გმირობა, უდიდესი ალბათობით გამარჯვებასაც შეძლებდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ხეტაფეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის გუნდს გამარჯვება გიორგი მამარდაშვილმა წაართვა.
რა თქვა ბორდალასმა:
„ამ სცენარით ცხოვრებას უკვე მიჩვეულები ვართ და ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. ისინი დიდ ძალისხმევას დებენ, ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ გამარჯვებისთვის იღბალი გვაკლდება. მოთამაშეებს უნდათ, რომ ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვაკლია“.
„ამ მატჩში მეტოქეზე გაცილებით მეტი შანსი შევქმენით. მათ გოლის გარდა მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ და ამ ეპიზოდშიც თამაშგარე დაფიქსირდა. ჯერ ძელს გავარტყით, შემდეგ კი რომ არა მამარდაშვილი, უცილებლად გავიმარჯვებდით. გიორგის კარგად ვიცნობით, მისი უნარების შესახებაც ვიცით და ისიც ვიცით, თუ რისი გაკეთება შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ დებიუტი 2021 წელს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ჰქონდა, თუმცა, მაშინ „ღამურების“ დამრიგებელი მადრიდული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი იყო. „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის პროგრესიც სწორედ ბორდალასის დამსახურებაა, რადგან ესპანელმა სპეციალისტმა 2021/22 წლების სეზონის მეორენახევარში ქართველ მეკარეს სრული ნდობა გამოუცხადა და მას შემდეგ, მამარდაშვილი „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.
მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა 17 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 3 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი კოპა დელ რეიზე, 31 ოქტომბერს, „პარლას“ წინააღმდეგ გამართავს.