გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„მამარდაშვილმა წაგებას გადაგვარჩინა“ - ბარახა ხეტაფესთან მატჩზე

გუშინ, ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ვალენსიელები თავდაპირველად ბარენეჩეას გოლით იგებდნენ, თუმცა, 90-ე წუთზე მადრიდელებმა თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინეს და დამატებულ დროში რომ არა მამარდაშვილის გმირობა, უდიდესი ალბათობით გამარჯვებასაც შეძლებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განვლილი მატჩი შეაფასა და მამარდაშვილის თამაშიც გამოარჩია.

რა თქვა ბარახამ:

„რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ „ხეტაფე“ ძლიერი გუნდია, რომელიც საჯარიმოში ბურთს დიდი რაოდენობით აწვდის, ამის გამო, საკმაოდ რთული მატჩი იყო. სამწუხაროდ, თერთმეტმეტრიანის ეპიზოდში არ გაგვიმართლა და ამ მომენტმა მძიმე გამარჯვება წაგვართვა ხელიდან. ასეთ სცენარში, როდესაც ოპონენტები შენზე დიდ ზეწოლას ახორციელებენ, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმ შრომით და ძალისხმევით, რაც გუნდმა გაწია“.

„პენალტი და მამარდაშვილის სეივები? მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა, საჯარიმოში ბევრი პასი გააკეთეს და ბევრი მომენტი შექმნეს, ამის გათვალისწინებით, გამარჯვებასთან მაინც ახლოს ვიყავით, თუ არ ჩავთვლით იმ ეპიზოდს, რომელიც ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო. ამ მომენტში, მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივებმა გადაგვარჩინა წაგებას. ბოლო წუთის ემოციებს შეეძლო ქულის მოპოვების ამოცანაც კი გაერთულებინა. საბოლოო ჯამში, ამ ჩვენთვის ამ ქულის მოპოვება მაინც სამართლიანი იყო“.

მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა 17 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 3 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი კოპა დელ რეიზე, 31 ოქტომბერს, „პარლას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები