იქნება თუ არა კვარა სასტარტოში - რას ამბობენ იტალიაში
ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.
ანტონიო კონტემ ქართველი შემტევი სერია A-ს ბოლო მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო, სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ 78-ე წუთზე შეიყვანა. ახლა კი გულშემატკივრებს აინტერესებთ, ითამაშებს თუ არა ხვიჩა „როსონერის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში.
ამის შესახებ და ხვალინდელ შეხვედრაში ანტონიო კონტეს გეგმებზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, მანუელ პარლატო საუბრობს.
რას ამბობს პარლატო:
„ნაპოლის“ ბოლო ვარჯიშიდან ჩემთვის გარკვეული ინფორმაცია გახდა ცნობილი. „მილანის“ წინააღმდეგ ალექს მერეტი დაბრუნდება და სასტარტოში იქნება. ასევე, დაცვის მარცხენა ფლანგს მატიას ოლივეირა ჩაიბარებს. ლობოტკა კვლავ არ იქნება. სლოვაკი ბოლომდე მზად არ არის და კონტე მისი მდგომარეობით გარისკვას არ აპირებს. მის ადგილს გილმორი დაიკავებს. ნგონგე და ნერეში ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იქნებიან და მათ ადგილს ისევ კვარა და პოლიტანო დაიკავებენ. „ლეჩესთან“ როტაცია სწორედ „მილანთან“ მატჩით იყო გამოწვეული. კვარაცხელია და პოლიტანო ზედმეტად ძვირფასები არიან და „მილანთან“ ისინი გადამწყვეტები იქნებიან. არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ ლუკაკუსგან. გასულ სეზონში „რომაში“ მისი თამაში ვნახე და დიდ გუნდებთან გავლენა ფაქტობრივად არ ჰქონია. ასევე ვიცი, რომ ხვალ „სან სიროზე“ 4 ათასამდე ნეაპოლიტანელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 29 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:45 საათიდან გაიმართება.