ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, რაფაელ ლეაუ, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

„ორივე გადამწყვეტი მოთამაშეა“ - ფონსეკა ნაპოლისთან მატჩზე და კვარა-ლეაუზე

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ „ნაპოლისთან“ მატჩამდე 1 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ფონსეკამ:

„ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია და ამაზე სატურნირო ცხრილიც მეტყველებს. კონტე კი შესანიშნავი მწვრთნელია. ჩვენი მეტოქე კარგ მომენტში იმყოფება და ძალიან მოტივირებულია, მაგრამ ჩვენც ზუსტად ასე ვართ.

იქნება თუ არა ლეაუ? ის ყოველთვის კარგად მუშაობდა. პრობლემა არ აქვს, მისი მდგომარეობა ნორმალურია. დარწმუნებულები ვართ, რასაც ელოდება, ძალიან მალე დაბრუნდება. ახლა ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში. კიდევ ერთხელ გეტყვით, მის გარშემო არსებული სიტუაცია ნორმალურია.

ტიტულისთვის ბრძოლა? „ნაპოლი“ ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც სკუდეტოს მოგება შეუძლია, ჩემთვის კი ამ სიაში „მილანიც“ არის. გულშემატკივრებმა უნდა დაიჯერონ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ვიზრდებით.

არის თუ არა კონტესთან თამაში დამატებითი მოტივაცია? ჩემთვის ერთადერთი მოტივაცია „მილანის“ მწვრთნელად ყოფნაა.

„ნაპოლი“ ფავორიტია? ზოგადად, ფავორიტის სტატუსით თამაში ყოველთვის რთულია. ერთი რამ ფაქტია, ისინი პირველ ადგილზე არიან და სტაბილურად თამაშობენ. ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც ტიტულის მოპოვება შეუძლია.

რას ველი გუნდისგან? ბუნებრივია, რომ „მილანისგან“ ყველა ბევრს ელის, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ხვალინდელი შეხვედრა წინა მატჩებისგან განსხვავებული და დაბალანსებული იქნება. მეტოქე თავს კარგად იცავს, ისევე როგორც ჩვენ. ამ მატჩისთვის მოვემზადეთ იმაზე ფიქრით, თუ პირველ რიგში როგორ დავიცვათ თავი და ამის შემდეგ გოლის გატანა ვცადოთ. გაუმჯობესება შეგვიძლია, მაგრამ ბოლო შეხვედრებში გარკვეული ვარდნები გვქონდა. როდესაც კომპაქტური გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობთ, ბოლო 30 მეტრში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ.

გადაწყვეტენ თუ არა მატჩის ბედს გარემარბები? (იგულისხმება კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ) - დიახ, ისინი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშეები არიან. სხვებისგან განსხვავებით, უფრო მეტ მომენტს ქმნიან, თუმცა, სხვა ფეხბურთელებიც მნიშვნელოვანნი არიან.

„ნაპოლი“ 9 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, „მილანი“ კი 14 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. „როსონერისა“ და „პარტენოპეის“ შორის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები