ისტორიული შედეგი მაგიდის ჩოგბურთში - ქართველმა სარეიტინგო ტურნირი მოიგო
პირველად ისტორიაში, ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი 19-წლამდელებს შორის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა და ამ უდიდეს წარმატებას ანასტასია ჩხარტიშვილმა მიაღწია. შეჯიბრება ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა და ახალგაზრდა ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა თითოეული მატჩი ისე მოიგო, რომ ერთი გეიმიც არ დაუთმია.
უკვე დიდი ხანია რიგის საერთაშორისო შეჯიბრებას სარეიტინგო ტურნირის სტატუსი აქვს, სადაც ევროპის კონტინენტის 13 ქვეყნის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ. 19-წლამდე ასაკის მაგიდის ჩოგბურთელებს შორის კი ჩხარტიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც მსგავსი შედეგი აჩვენა. შარშან კი ანასტასიამ, 15-წლამდელებში ევროპის ახალგაზრდულ სერიებზეც უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსგავსი დონის შეჯიბრებებში გამოსვლის გამოცდილება ანასტასია ჩხარტიშვილმა და სხვა ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელებმა 2022 წლის 19-25 სექტემბერს მიიღეს, როდესაც თბილისმა მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის პრესტიჟულ ღონისძიებას უმასპინძლა.