უოტფორდის ქართველი დირიჟორი - ჩაკვეტაძე ფანების კერპი ხდება
მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ აღებული სტარტის შემდეგ, „უოტფორდმა“ ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხს აშკარად მოუკლო. თუმცა, გასულ შაბათს „ბლექბერნთან“ მოპოვებულმა საშინაო გამარჯვებამ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მშობლიურ „ვიკარეიჯ როუდზე“ ასპარეზობა წელს „ყვითლების“ წარმატების მთავარი საიდუმლოა, რადგან სტუმრად საშინლად გამოდიან და მხოლოდ ერთი მოგება აქვთ, ისიც პირველ ტურში „მილუოლისთან“, მას შემდეგ კი გასვლაზე კლუბის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
სწორედ სტუმრად განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ტომ კლევერლის შეგირდებმა „როვერსთან“ (1:0) აღებული 3 ქულით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს და შინაურ კედლებში წაუგებელი სერია რვა მატჩამდე (7 მოგება, 1 ფრე) გაზარდეს. ამ კლუბიდან ევროპის გასულ ჩემპიონატზე მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა, ქართველმა გიორგი ჩაკვეტაძემ და შოტლანდიელმა რაიან პორტეუსმა ითამაშა, თუმცა ამ უკანასკნელმა ქომაგებს თავი მხოლოდ გერმანიასთან გახსნით შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათით დაამახსოვრა. სამაგიეროდ, ის და გიორგი არიან „უოტფორდში“ ის გამონაკლისი მოთამაშეები, რომლებიც ძირითადის შეუცვლელ წევრებად და ფანების საყვარელ ფეხბურთელებად ითვლებიან.
მართალია, მის ანგარიშზე წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე პასია, მაგრამ თავდამსხმელების უკან, პლეიმეიქერის პოზიციაზე მოთამაშე ჩაკვეტაძე თითქმის ყველა მატჩში აქტიურია, ცდილობს შეტევების დირიჟორობას, ყველა სტანდარტს თავად ასრულებს, არბიტრებსაც ხშირად ეკამათება, ხოლო მეტოქე გუნდის შეტევების დროს თანაგუნდელების დასახმარებლად უკან ჩასვლა არ ეზარება - ყველა ეს თვისება ლიდერის დამახასიათებელია და ქართველი ნახევარმცველი სწორედ ლიდერად ყალიბდება.
ამ ეტაპისთვის „უოტფორდი“ 19 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მეორე ადგილს, რომელიც პრემიერ ლიგაში ავტომატურად აღზევების საშუალებას იძლევა, მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები შაბათს, 2 ნოემბერს, სტუმრად „შეფილდ უენსდისთან“ გამართავენ და მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.