ლევანტე, გრანადა, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორას გოლი წიტაიშვილის გუნდთან - ქართველების დერბი ესპანეთში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურში ქართველი ფეხბურთელების დერბი შედგა. გიორგი წიტაიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

ორივე ფეხბურთელი თავისი გუნდების სასტარტო შემადგენლობებში იყვნენ, თავის გამოჩენა კი გიორგი ქოჩორაშვილმა შეძლო.

„ლევანტე“ სწორედ გიორგი ქოჩორაშვილის გოლით დაწინაურდა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-18 წუთზე კუთხურიდან გათამაშებული ბურთი საჯარიმოში კარგად დაამუშავა და ბრწყინვალე დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო.

31-ე წუთზე „ლევანტემ“ მარტინესის გოლით სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

სამწუხაროდ, გიორგი წიტაიშვილს პირველ ნახევარში მომენტი არ ჰქონია და მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე, რეინიერით შეცვალა.

მეორე ტაიმში „გრანადამ“ 58-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ვალენსიელთა კარში გოლი სანჩესმა გაიტანა.

ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით მე-10 მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაცაა. რაც შეეხება წიტაიშვილს, ქართველ შემტევს „გრანადაში“ ჩატარებულ 9 მატჩში ჯერჯერობით 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.

ამ გამარჯვებით, „ლევანტემ“ სატურნირო ცხრილში „გრანადას“ და კიდევ რამდენიმე გუნდს გადაასწრო და მე-2 ადგილზე აღზევდა. ქოჩორაშვილის გუნდს 21 ქულა აქვს და პირველადგილოსან სანტანდერის „რასინგს“ 8 ქულით ჩამორჩება, „გრანადა“ კი 19 ქულით მე-6 ადგილზე დაქვეითდა.

„ლევანტე“ მომდევნო შეხვედრას კოპა დელ რეიზე 30 ოქტომბერს, სტუმრად „პონტევედრას“ წინააღმდეგ გამართავს, „გრანადა“ კი  ასევე კოპა დელ რეიზე სტუმრად „კორტესს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები