ხეტაფე, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„უკვე გოლს აღვნიშნავდით, მაგრამ...“ - ხეტაფეს ფეხბურთელი მამარდას სეივებზე

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

„ღამურები“ 36-ე წუთიდან, ბარენეჩეას გოლით იგებდნენ, 90-ე წუთზე კი მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. გოლიდან რამდენიმე წუთში, „ხეტაფეს“ გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე ორმაგი სეივით მასპინძლებს ზეიმის უფლება არ მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ხეტაფეს“ ფეხბურთელმა, ლუის მილიამ DAZN-თან განაცხადა, რომ მატჩის მიწურულს, მამარდას სეივების ეპიზოდში უკვე გოლს აღნიშნავდა, თუმცა, ქართველი მეკარის საოცარმა თამაშმა გაოგნებული დატოვა.

რას ამბობს მილია:

„მრცხვენია ჩვენი გუნდის ძალისხმევის გამო. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მათ გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანეს და ჩამორჩენის შემდეგ, თამაშში დაბრუნება რთულია. მრცხვენია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ბევრი შანსი გვქონდა. გადამწყვეტ სიტუაციაში რეალიზაციის პრობლემა გვაქვს, რაღაც გვაკლია. ბოლო წუთებზე მამარდაშვილმა აჩვენა, თუ როგორი მაღალი დონის მეკარეა. ამ ეპიზოდში ზოგმა ფეხბურთელმა სიხარულის ნიშნად ხელები მაღლა ავწიეთ, გვეგონა გოლი გავიდა, მაგრამ მან საოცრება ჩაიდინა. ის ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე“.

მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა 17 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 3 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი კოპა დელ რეიზე, 31 ოქტომბერს, „პარლას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები