გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რკინის მენტალიტეტი მაქვს და ასეთ ხალხს უნდა მოვაკეტინო!“ - მიქაუტაძე სადებიუტო გოლზე

„ლიონის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ „ოსერთან“ დუბლის შემდეგ ემოციები ადგილობრივ მედიას გაუზიარა და თავის მშობლიურ კლუბში სადებიუტო გოლზე ისაუბრა.

თავდაპირველად, მიქაუტაძე შეხვედრის დასრულებისთანავე DAZN-ს გაესაუბრა, შემდეგ კი კომენტარი ჟურნალისტებთან შერეულ ზონაში გააკეთა.

მიქაუტაძე DAZN-თან:

იყო თუ არა ბრწყინვალე საღამო? მოდით, ვთქვათ ასე, იმის მიუხედავად, რომ შედეგი არც თუ ისე მისაღებია. მაგრამ ბედნიერი ვარ იმ მატჩით, რომელიც ინდივიდუალურად ჩავატარე. ასე უნდა გავაგრძელო. ზეწოლა? სინამდვილეში, ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობდი, მშვიდად ვიყავი. გამიგია, რომ ჩემს შესახებ ბევრი საუბრობდა, რაღაც მიზეზებზე საუბრობდნენ, მაგრამ სიმართლე არაფერი ყოფილა. ამას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. რკინის მენტალიტეტი მაქვს, მუშაობა უნდა გავაგრძელო, რომ ასეთ ხალხს მოვაკეტინო.

მიქაუტაძის კომენტარი ჟურნალისტებთან:

მოხარული ვარ, რომ „ლიონში“ პირველი გოლი გავიტანე. ამან მომცა შესაძლებლობა, რომ მეორეც გამეტანა, ამიტომ, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. წნეხი საერთოდ არ მქონია, მაგრამ პირველი გოლის გატანა ძალიან მინდოდა, შემდეგ მეორეც მოჰყვა... ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელო, რომ ასეთი მატჩები გავიმეორო.

პენალტის ეპიზოდი? ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო, ზეწოლა საერთოდ არ მიგრძნია. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან გოლების გატანა მიყვარს, ეს ჩვენი, თავდამსხმელების მოვალეობაა. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და უბრალოდ გაისროლო. შუაში დარტყმა ვარჩიე, რადგან ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. კარგია, რომ ერთ გოლს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე მოჰყვება და უფრო უკეთესი შედეგი მექნება. ბედნიერი ვარ იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც შედეგი არ ყოფილა გუნდისთვის მისაღები.

ბუნებრივია, იმედგაცრუება არის, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ. ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და უკვე შემდეგი მატჩი, რომელიც „ლილთან“ გველის, მოვიგოთ. ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც საერთოდ არ უნდა გაგვეშვა. განსაკუთრებით მეორეზე არ გაგვიმართლა.

ვცდილობთ, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და ყოველდღიურად, ბევრს ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ბევრი მატჩი მოვიგოთ. ასე რომ, ასე უნდა გავაგრძელოთ.

ლაკაზეტისთან წყვილში თამაში? ვიმედოვნებ, ეს ხშირად მოხდება. აქ ამისთვისაც მოვედი, მის გვერდით თამაში მინდა. მან ეს ორი გოლი მომილოცა. მატჩის წინ მითხრა, რომ გოლს გავიტანდი, ამან ძალიან გამახარა. იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ უფრო განვვითარდებით და ბევრ გოლს გავიტანთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლების გატანა დღეს შეძლო. ორი გოლის გარდა, ქართველ შემტევს ერთი საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.

მიქაუტაძის მომენტები „ოსერთან“:

„ლიონი“ 9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, სტუმრად „ლილთან“ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები