კიტეიშვილის მე-6 გოლი | შტურმმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ლასკ“-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.
„ლასკ“-ის კარში პირველი გოლი სწორედ კიტეიშვილმა გაიტანა. 33-ე წუთზე, ქართველი ნახევარმცველი საჯარიმოში ჯონსტონის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ზუსტად გამოეხმაურა და ბრწყინვალე თავურით ანგარიში 1:0 გახადა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. 59-ე წუთზე „შტურმის“ კარში გატანილი გოლის ავტორი სმოლჩიჩი გახდა.
გრაცელებმა გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს, თავი ზვონარეკმა გამოიჩინა.
ოთარ კიტეიშვილისთვის ამ მატჩში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მე-6 იყო. 6 გოლთან ერთად, ქართველმა ნახევარმცველმა 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
11 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „რაპიდს“ 3 ქულით უსწრებს. გრაცელები მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლინცის“ წინააღმდეგ გამართავენ.