გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სუპერსეივი კომპენსირებულ დროში - მამარდამ ვალენსია მარცხისგან იხსნა

ესპანეთის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა გიორგი მამარდაშვილისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა - მისი „ვალენსიას“ მეტოქე იმ ხოსე ბორდალასის მომზადებული „ხეტაფე“ იყო, რომლის მწვრთნელობის პერიოდშიც თავის დროზე “ღამურებში“ გიორგის დებიუტი შედგა. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ვალენსიელების მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა.

პირველ ნახევარში ორივე გუნდის კართან თითზე ჩამოსათვლელი სახიფათო მომენტები შეიქმნა, თუმცა ვალენსიელებმა ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვეს და შესვენებაზე გამარჯვებულები გავიდნენ. 36-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ენცო ბარენეჩეამ ისარგებლა და „ღამურები“ დააწინაურა. ამ გოლამდე მასპინძლებს გატანა შეეძლოთ, მაგრამ ერთ ეპიზოდში მამარდაშვილმა კარგი დარტყმა მოიგერია, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს კარიდან დროული გამოსვლით „ხეტაფეს“ სწრაფი იერიში ჩაშალა.

მეორე ნახევარში ვალენსიელებმა ინიციტივა მადრიდელებს გადაულოცეს და უკან ორგანიზებულად დაიხიეს. თავდაპირველად „ხეტაფემ“ სტუმრებს განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა და მხოლოდ ერთი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ურუგვაელი მაურო არამბარის თავური დარტყმა მამარდაშვილის კარის ხარიხამ მოიგერია. თითქოს „ვალენსიას“ გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ 88-ე წუთზე მაქსიმილიანო კაუფრიზის ხელით თამაშისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც არამბარიმ უშეცდომოდ შეასრულა და მამარდაშვილი უშანსოდ დატოვა.

გაშვებული 11-მეტრიანის მიუხედავად „ვალენსიას“ მთავარი გმირი მაინც ქართველი მეკარე იყო, რომელმაც კომპენსირებულ დროში ერთი შეტევისას ორი სუპერსეივით თავისი გუნდი მარცხისგან გადაარჩინა.

თერთმეტ ტურში დაგროვებული 7 ქულით „ვალენსია“ სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა, გიორგი მამარდაშვილმა კი მიმდინარე ლა ლიგაში საკუთარი კარი მშრალად სამ შემთხვევაში შეინახა, ორჯერ მატჩის MVP გახდა და საერთო ჯამში 17 გოლი გაუშვა.

სამშაბათს „ვალენსია“ სამეფო თასის შეხვედრას ქვედა ლიგის წარმომადგენელ „პარლასთან“ გამართავს, სადაც დიდი ალბათობით მამარდაშვილს დასვენების საშუალება მიეცემა. ლა ლიგის მომდევნო ტურში კი გიორგი და მისი თანაგუნდელები „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებენ და მატჩი შაბათს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას კონკურენტი ჩელსიში - დუბლიორობისთვის ზედმეტად კარგია
მამარდას კონკურენტი ჩელსიში - დუბლიორობისთვის ზედმეტად კარგია