გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის დუბლი - ლიონმა ოსერს ვერ მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ოსერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

მართალია, პიერ საჟის გუნდმა გამარჯვება ვერ შეძლო, თუმცა, ქართველი გულშემატკივრებისთვის დღევანდელი მატჩი მაინც პოზიტიური იყო, რადგან მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო. უფრო მეტიც, ჟორჟმა დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მისი გუნდი ძალიან ახლოს იყო, რომ შეხვედრა მისივე გოლებით მოეგო.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და 78-ე წუთამდე ივარჯიშა. ამ დროის განმავლობაში მიქაუტაძემ დუბლის შეასრულა და უფრო მეტი გოლის გატანაც შეეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს, ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის საჯარიმოში პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და „ლიონი“ დააწინაურა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, „ოსერმა“ წონასწორობა დიომანდეს გოლით აღადგინა. 62-ე წუთზე დიომანდეს გოლს ისევ გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა.

სამწუხაროდ, „ლიონმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 72-წ წუთზე მეორე გოლი გაუშვა. „ოსერის“ მხრიდან თავი ტრაორემ გამოიჩინა.

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში ლიგა 1-ში მე-9 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი დღევანდელ მატჩში გატანილი 2 გოლი და გასულ ტურში შესრულებული საგოლე გადაცემაა. მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. „ლიონი“ მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, სტუმრად „ლილისთან“ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები