შერმადინი VS ტომასონი - დერბი ტენერიფემ მოიგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების V ტურში კანარის კუნძულების დერბი გაიმართა - „ლა ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „გრან კანარიას“ უმასპინძლა და მეტოქე 10-ქულიანი სხვაობით, 84:74 დაამარცხა. მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო იმ მხრივ რომ საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი თამაშობდა - მასპინძელთა შორის გიორგი შერმადინი, ხოლო სტუმრების რიგებში ეროვნული გუნდის ნატურალიზებული მოთამაშე ჯო ტომასონი.
შერმადინმა 16 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნით დაასრულა. მან ოთხიდან ორი ორქულიანი და ხუთიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. სამი შემთხვევიდან ბურთი ორჯერ დაცვაში, ერთხელ კი თავდასხმაში თამაშისას მოხსნა. რაც შეეხება ტომასონს, 15 წუთში მის ანგარიშზე 9 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემაა. მან ორქულიანები (სამიდან სამი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
ხუთი ტურის შემდეგ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში „ლა ლაგუნა ტენერიფე“ მეხუთე, ხოლო „გრან კანარია“ მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ვალენსიასთან“ ითამაშებენ, „გრან კანარია“ კი თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.